ბიბლიოთეკა - კულტურის ოაზისი

ნიმუში

გთხოვთ მობრძანდეთ ჩვენს ბიბლიოთეკაში
გაეცანით მრავალფეროვან მასალასმხატვრულ ლიტერატურასტექნიკურ სახელმძღვანელოებსახალ ჟურნალ-გაზეთებს

ისტორია

„მოდით ბიბლიოთეკაში,
 ცოდნის სამფლობელოში“
ანატოლი ფრანსი

საქართველოში ბიბლიოთეკების ისტორია უკავშირდება მონასტრების საქმიანობას. ბერ-მონაზვნები ზრუნავდნენ წიგნთსაცავის შექმნაზე და ეკლესიაში ყველაზე დიდ შემოწირულობას წიგნი შეადგენდა. გორის საოსტატო სემინარიის დამთავრების შემდეგ ვაჟა-ფშაველამ თავად ამილახვრის ოჯახში ავადმყოფი ბავშვის მომვლელად დაიწყო მუშაობა. მან გაოცებული საზოგადოება იმით დაამშვიდა, რომ თავად ამილახვარს ჰქონდა ისეთი ბიბლიოთეკა, რომელშიც ყველა ეპოქის, ყველა მწერლის სრულყოფილი ქმნილებები მოიპოვებოდა. მართლაც, რა სჭირდება ადამიანს სულიერი და გონებრივი საზრდოსათვის - მდიდარი ბიბლიოთეკა. ქართველი ხალხი სწავლა-განათლებას მოწყურებული, ხელნაწერებითა და ნაწილობრივ ნაბეჭდი წიგნებით იმდიდრებდა გონებრივ ჰორიზონტს, ეცნობოდა მსოფლიო ცივილიზაციებს. საქართველოს ყველა კუთხეში, მიუვალშიც კი სამაგიდო და სამზითვო წიგნი „ვეფხისტყაოსანი“ სადაც მოიპოვებოდა, იგი მდიდარი ბიბლიოთეკის პატრონად ითვლებოდა.
აბაშის რაიონის სოფელ პირველი მაისის თემის ბიბლიოთეკის ისტორია ლამის საუკუნეს ითვლის. თავდაპირველად ქოხში შექმნილი „სამკითხველო“ წერა-კითხვის გავრცელებას ემსახურებოდა, „მცირედ მცოდნეთ“ აიძულებდნენ სამკითხველოში ეკითხათ წიგნები. დიდი ილია ბრძანებდა: „ერის გადარჩენა განათლებაშია“, სწორედ ამ დევიზის მიმდევარი გახდა  ჩვენი სოფლის პირველი სამკითხველოს პიონერები ზინა გიგინეიშვილი, მას მოჰყვნენ ნათელა ასათიანი, ზინა ბარათელი, ელისაბედ (ძაბული) სტურუა; მათ ყველას ოჯახში შეიტანეს წიგნი, ყველას ჩაუნერგეს მისი სიყვარული და ამცნეს წიგნის სიკეთის გრძელვადიანობა. ადრე ბიბლიოთეკა თხმელარში, ერთ-ერთი მოსახლის სახლში იყო განთავსებული, მოგვიანებით პირველი მაისის ცენტრში. ასევე გაუწყინარის ერთ-ერთი მოსახლის სახლშიც იყო  ბიბლიოთეკა, იქ მრავალი წიგნი ჰქონდათ დაცული, სადაც ბიბლიოთეკარად  ჟენია ფრანგიშვილი მუშაობდა. შემდეგ ის ბიბლიოთეკა იქვე ახლოს მყოფ კოლმეურნეობის კანტორის შენობაში გადაიტანეს და მის გამგე იქაც  ჟენია ფრანგიშვილი იყო.  ქალბატონი ჟენია ამ ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ჯარისკაცი გახლდა, ის წიგნს რუდუნებას არ აკლებდა და სკოლის ახალგაზრდობას ბიბლიოთეკის საქმიანობაში ორიგინალურად რთავდა. მისთვის დილა წიგნით იწყებოდა და გვიანი ღამე ჩაძინებულს მრავალჯერ უთენებია. საზოგადოებამ დააფასა ამაგდარი ბიბლიოთეკარი და ჯენია ფრანგიშვილი მრავალჯერ დააჯილდოვეს მედლითა თუ დიპლომებით, თუმცა ქალბატონი ჟენია ხშირად იტყოდა: „ყველაზე დიდი ჯილდო ჩემთვის ის წიგნებია, რომელიც შვილებივით და შვილიშვილებივით მელიან  ბიბლიოთეკაში და ჩემგან მოფერებას ითხოვენ“.
დღესაც სისამოვნებას ჰგვრის ქალბატონ ჟენიას ინტელექტით სავსე საუბრის მოსმენა: „ასაკით შეიძლება პენსიონერი ვიყოთ, მაგრამ წიგნის კითხვას საპენსიო ასაკი  არასოდეს დაუდგება“.
მას შემდეგ ეს წიგნთსაცავი მთავარ ქუჩაზე ახლადაშენებული კლუბ-კანტორის შენობაში  ქვედა სართულზე განათავსეს, სადაც მას რამოდენიმე ოთახი ეკავა, რომელსაც შემდეგ თხმელარისა და პირველი მაისის ბიბლიოთეკის წიგნებიც შეუერთეს. ჟენია ფრანგიშვილის შემდეგ  ესტაფეტა საიმედოს ხელში გადავიდა, ახალგაზრდა, ენერგიული ლალი ხიჯაკაძე ისეთვე ძლიერი ხელმძღვანელი გახდა. ისევ ისეთი რუდუნება, ისევ ისეთი სიყვარული, საქმისადმი პასუხისმგებლობა და პროფესიონალიზმი, ეს ყველა ის თვისება იყო, რომელსაც ქალბატონი ლალი ხიჯაკაძე ემსახურებოდა ათეული წლების მანძილზე.
2003 წლიდან ამ ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი იამზე ვეფხვაძეა. მას შემდეგ რაც კოლმეურნეობა დაიშალა და ამ კანტორამაც შეწყვიტა ფუნქციონირება, 2005 წელს ბიბლიოთეკა გაუწყინარის სკოლაში გადმოიტანეს. დღეს სოფელში ეს ბიბლიოთეკა მუშაობს, რომლიც სკოლის მეორე სართულზეა და ამით ძირითადად სკოლის მოსწავლეები და მოსახლეობა სარგებლობს.
ასეთი ადამიანების სინდისითა და ნამუსით, ერთგულებითა და რუდუნებით მიდიოდა ჩვენი სოფლის ბიბლიოთეკის ცხოვრება.
  







              ჟენია ფრანგიშვილი

ლალი ხიჯაკაძე



ყოფილი ახალი კანტორა

No comments:

Post a Comment